ფირფიტები ზანზიბარიდან

1986 წლის 27 ივლისს პირველად ვნახე თოვლი.

ზანზიბარიდან გამოგზავნილი ძველი შავი ფირფიტა ზანტი სექსუალური ტალღებით ბრუნავდა 1937 წელს გამოშვებულ  მუხისგან დამზადებულ ფინჩერის ბრენდის ექსკლუზიურ საკრავზე.  წვრილი ნემსიდან აბუნებული ბგერები ტალღოვნად ნაწილდებოდა ოდნავ ჩაბნელებულ დიდ ოთახში.  მისაღების ხის კედლებზე აქაიქ ბზინავთა მასიური ჭაღების ბროლის წვიმებში აჭრილი ლამპის შუქის პრიზმები. ანტიკვარული ნივთების დეკორის ნაწილად ჩაცმული ორმოცამდე სხვადასხვა ასაკის ადამიანი ერთმანეთისკენ თვალს აპარებდნენ, მოკრძალებით საუბრობდნენ და ძვირადღირებულ სასმელს მოწიწებით წრუპავდნენ. ჩემი აზრით ფაიფურის ქანდაკებებს უფრო წააგავდნენ, ვიდრე სულიერ არსებებს.

არც ერთი სტუმარი არ იმჩნევდა რამდენად ღრმად ითრევდა თითოეულს მუსიკის ყოველი ბგერა, ყოველი ხრიწი და ჭერის სარკეებიდან ასხლეტილი ვიბრაცია. არ აღიარებდნენ როგორ ახშობდა მოსაუბრის სიტყვებს მუსიკა და უნაბავდა თვალებს, როგორ რჩებოდა მხოლოდ ტუჩების გაწებილი უნგერო ლიპლიპი, როგორ ანიავებდა იგი ცქრიალა ღვინოს გემოს და ანაცვლებდა თავბრუსხვევითა, აჩქარებული გულითა და გაფართებული თვალის გუგებით.

ჩელოდან გაგუდულ ნოტაზე შემობრუნდა უკანასკნელი სტუმარიც. ყველანი მდუმარე შეჰყურებდნენ 1937 წელს გამოშვებულ  მუხისგან დამზადებულ ფინჩერის ბრენდის ექსკლუზიურ საკრავს რომელიც ისეთივე სექსუალური ტალღებით ბრუდნავდა როგორც ორი წუთის წინ. ყველა სტუმარი გაინაბა. ზოგი იღიმოდა, ზოგი ტიროდა. ზოგი ისე უყურებდა საკრავს, როგორც გარდაცვლილი მშობელის კუბოს რომელიც მიწაში ნელ-ნელა ეშვება, ან უსინათლო ადამიანი რომელმაც პურველად დაინახა როგორ უღიმის მას მზიანი უცნობი, ზუსტად ისე როგორც მიყურებდა ერთ დროს ქეთო.

ყველა მას უყურებდა, ყველა ჩემს გარდა.

მე საკრავის გვერდით ვიდექი და ფანჯრიდან თეთრ ფანტელებს ვითვლიდი, ქვევიდან ზევით მიქროდნენ იასამნისფერ ნისლში. შემდეგ კი სტუმრებს გავხედე. მე უფროსი ვიყავი ისინი კი ჯერ მხოლოდ ბავშვები. ისინი ჩემი შვილები იყვნენ, მე კი მათი ღმერთი.

ამ ფიქრით გამეღვიძა საკუთარ საძინებელში მრავალი წლის წინ. 1986 წლის 27 ივლის, პირველად მესიზმრა სანატორიუმი სახელის გარეშე, მაღლა მთებში, იქ სადაც ზამთარში თბილა და თოვლი ივლისშიც მოდის.

 

Advertisements

თავი II – ჩაკი

nastol.com.ua-114770

 

როგორ ვერ ვიტან გაღვიძებას. რეალობას სულ ტალღებად ვუბრუნდები, ორი განზომილების ზღვარზე გონება სულ მეჭედება, ვერ ვხვდები, რომელი სამყაროა ნამდვილი ან რომელში დავრჩე. თან პირი სულ გამშრალი მაქვს, ვოცნებობ რომ ერთ დღეს გავიზრდები და ინტელექტიც იმ დონემდე აიწევს, რომ ლოგინთან ერთი ჭიქა წყალი დავიდგა ძილის წინ.

ნეტავ რა დროა, ისევ მთელი დღე მეძინა?

Continue reading

თავი I – სირიუსის ვარსკლავიდან ოდნავ მარცხნივ

6822939-wind-wallpaper

ისე ბოლო დროს რაღაც ვერ ვარ, მგონი დავიღალე და მომწყინდა, დაღლილობისგან მოვიწყინე, ან მოწყენილობისგან დავიღალე.

ოდესმე გქონია შეგრძნება რომ ნელ-ნელა ქრები? ორთქლდები, დნები, ან სიგარეტის ბოლად იფანტები მკრთალ  და უფერულ სიცარიელეში?

უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, ვითომ სხვა სამყაროდან აქ შემთხვევით აღმოვჩნდი. სხეულის ყველა უჯრედი და სულის ყველა ნაწილაკი კი უკან მექაჩება, სახლისკენ, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ.

ახლაც ეგ ტალღა მფარავს. ზაფხულის ჩვეულებრივი საღამოა, თბილა, ლოგინზე ვაგდივარ და ჭერს ვუყურებ, უფრო სწორეთ, ჩემს ორ აწეულ ხელს, მიყვარს ასე წოლა. მე კიდე ისევ ვქრები, ამჯერად ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ვხდები გამჭვირვალე, ჯერ მარჯვენა ხელის მარცხენა ნეკა თითის ფრჩხილი, შემდეგ თითი, თითები, უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავ თითებს მიღმა ჭერს, შემდეგ მთლიანად ქრება ხელი, ვგრძნობ, როგორ მიმდის ტერფები, მიყვება მუხლები, ბოლოს დანარჩენი სხეულიც ისევე სწრაფად ქრება, როგორც ცეცხლმოკიდებული ქაღალდის ნაგლეჯი წვიმაში. რჩება მხოლოდ ჩემი გაჩეჩილი თავი და თბილი თხევადი სიცარიელე ზანტად მფარავს, ვხუჭავ თვალებს და ცნობიერება სხვაგან ეფლობა, იძირება  სითხეში, რომელიც არ არის სველი. ჩემს ირგვლივ მხოლოდ მეწამული აბრეშუმის უსაზღვრო ტალღებია, რომლის შეხებაც ასე მსიამოვნებს, ვკარგავ გრავიტაციას, სიმძიმეს უბრალოდ ვეღარ ვგრძნობ, მე არ ვარსებობ, არაფერი არ არსებობს, ეს ფიქრიც კი არ არსებობს.

შეგრძნებებს და ქაოტურ ფიქრებს ნახველივით ვაყოლებ მკერდიდან ამოსულ სიგარეტის სქელ კვამლს, რომელიც ჟანგიანი მატარებელივით მიიზლაზნება ზემოთ, დახეთქილი ხის ჭერისკენ. ასწორებს რა ეს მოწევა, თუნდაც სიცოცხლის წუთებზე ცვლიდე, ხანდახან ძალიან ასწორებს.

ძალიან მაკლია თავში. თან ამას ვხვდები, მაგრამ რა ვქნა.

ისე, მიყვარს ჩემი ოთახი,თითქმის სულ ჩაბნელებულია, ვერ ვიტან შუქი რომ ზემოდან მანათებს, კარგია მხოლოდ გვერდიდან ან ქვემოდან, არც თეთრი ცივი ნათება მომწონს, არა, მხოლოდ ნარინჯისფერი ან ოქროსფერი. ერთ ძველი რკინის შავი ლამპა სრულიად საკმარისია ოთახის მეხუთედის გასანათებლად, მეტი არ მჭირდება. მამაჩემის მტვრიანი საბეჭდი მანქანა და უფრო ძველი პლაკატები, ფერგადასული სათამაშოები და რამოდენიმე შავ-თეთრი სურათი, წიგნები, საკმარისია. ჩემი ოთახი… მე ის  ძალიან მიყვარს. მიყვარს, როდესაც გულაღმა ვწევარ საკუთარ ლოგინზე და სიგარეტის სქელი ბოლი ზემოთ მიიზლაზნება, მგონი ეგ უკვე ვთქვი, მატარებელსაც შევადარე, რაც ჩემი აზრით საკმაოდ პოეტური იყო, თუ პროზაული, თუ რაც ქვია. ლუსაც ძალიან მოწონს ჩემი ოთახი.

მიყვარს ბორა-ბორას ძველი პლაკატი ლოგინის თავზე, წლებია ვაშტერდები და მასში მუდამ ვიკარგები. ეს ლეიბიც მგონი 40 წლისაა, მარჯვენა მხარე ოდნავ ჩაზნექილია, მამას ეძინა ხოლმე მანდ, მამა როცა ძალიან მენატრება მაგ მხარეს მძინავს, ვიცი დებილობაა,მაგრამ რა ვქნა. თან არც ერთი ლოგინი არ არის ისეთ გემრიელი, როგორც საკუთარი ხერხემლითა და სხეულის სხვა ნაწილებით დამუშავებული, შეხორცებული, როდესაც ლოგინის რბილი მოლეკულები საკუთარი უჯრედების მსგავსად გადააწყვე და ის ისეთივე ახლობელი და თბილია შენთვის როგორც ოჯახის წევრი, განსაკუთრებით როდესაც დიდი ხნით მიდიხარ სადმე და ბრუნდები, მხოლოდ ლოგინზე თავის დადებისთანავე ხვდები, რომ სახლში ხარ, შენს სახლში.

ძნელია იყო 18 წლის და არ იცოდე ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებისგან, მაგრამ უფრო ძნელია იყო 19-ის და არ იცოდე ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებისგან. უსახლკაროსავით დაეხეტებოდე ერთი დღიდან მეორეში, ელოდები, როგორც გაჩერებაზე საკუთარი ოცნებების ტრამვაის, თუმცა დარწმუნებული არ ხარ თუ გამოივლის, ან საერთოდ თუ სწორ გაჩერებაზე ხარ, რაღაც ცოტა პათეტიკურად ჟღერს მაგრამ 19-ის ვარ, არაუშავს, ალბათ იმიტომ მაქვს ეს გრძნობა, რომ ვქრები იმიტომ, იქ არ ვარ სადაც უნდა ვიყო,   უბრალო აჩრდილი ვარ და მეტი არაფერი.

ისე, პჰჰჰჰჰჰ. ეს უსახლკაროს მეტაფორა, ოცნებების ტრამვაი და ცხოვრებაში აჩრდილი, ხანდახან ხმამაღლა ვიმეორებ რასაც ვფიქრობ და ვხვდები რა დრამა , არადა ვხდები, ისე მხიარული ვარ, მართლა.

ყველაზე უფრო არ მიყვარს თინეიჯერები, ალბათ, მაღიზიანებენ. ჩემი თანატოლები, მაგალითად, სულ ცდილობენ რაღაცას მიაღწიონ, სადღაც ეჩქარებათ, მიზანი აქვთ. მე კიდევ მხოლოდ ის ვიცი, რომ ზედმეტად მარილიანი ბატიბუტი არ მიყვარს. ჩემს წარმოსახვაში  ცხოვრება ოლიმპიური სარბენი ბილიკია, სადაც ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, გარბიან, წინაღობებს ახტებიან და ცდილობენ ვინმეს აჯობონ, მე კიდე ის ტიპი ვარ, ტრიბუნებთან რომ დგას და გაღიმებული ბატიბუტს ჭამს. რაც ცუდი არ არის, მაგრამ ვერ დაარქმევ გამოსადეგ ცხოვრებისეულ ღირებულებას. თუმცა, გააჩნია, თუ ბატიბუტის ბიზნესში ხარ, ალბათ ძალიან კარგია, მაგრამ მე არ ვარ, ჭამა მიყვარს მარტო, ისიც ნაკლებად მარილიანის. ვერ ვიქნები ექსპერტი კარამელის ან შოკოლადის ბატიბუტში, რაც ჩემს უსარგებლო ნიჭს კიდევ უფრო გამოუსადეგარს ხდის… ეჰჰ, სჯობს დავუბრუნდე დაჟანგულ ტრამვაის და ნაკლებადმარილიანი ბატიბუტი შევთავაზო უსახლკარო აჩრდილებს.

ისე, აჩრდილის სურათი მიკიდია ზუსტად სარკესთან. აი დემი მური და პატრიკ სუეიზი მთვარ როლებში, ამ ფილმის ბოლოს სულ ვტირი. ანუ ცრემლებით და მოთქმით არა, უბრალოდ ვუყურებ და ვფიქრობ – ეეეჰ, შე უბედურო ბიჭო შენა, არ დაგცალდა დემი მურთან ყოფნა, არა. ფილმს არაუშავს. ვუპი გოლდბერგის სცენებია მაგარი. იდეა უფრო მომწონს, რომ შეიძლება მართლა არსებობს ეგეთი რამ, წარმოიდგინე რა მაგარია, მოკვდები და პატრიკ სუეიზი დგას შენ წინ, რათქმაუნდა ეგრევე ეკითხები:

-ჰეი პატრიკ შენ რატომ ხარ? ვინმე ახლობელი არ უნდა დამხვდეს? პატრიკი კიდე გეუბნება,

– ჰეი, მამაშენთან ვმეგობრობ, ვარსკლავური ომების პრემიერაზეა და მოვა, არ გვეგონა ასე ადრე თუ მოკვდებოდი.

მამა ალბათ იამაყებდა. გასულ წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი, გული დიდად არ დამწყვეტია. გული მხოლოდ მაშინ გწყდება, როდესაც რამე გინდა და ვერ გამოგდის, როდესაც ცდილობ მაინც. სიმართლე კი ის არის, რომ არ ვიცოდი რა მინდოდა, არც ახლა ვიცი დიდად.

კიდე კაი სიმპატიური მაინც ვარ, გოგოები მეუბნებიან ლამაზი მწვანე თვალები გაქვსო, ლუ კიდე მეუბნება, რომ ნარცისიზმი მჭირს, თან იდიოტი ვარ ვიღაც უშნო, ხეხილი გოგოების რომ მჯერა. მაგრამ ეგრე არ არის. აი ლუ ლამაზი გოგოა, მე კიდევ უბრალოდ მომწონს ჩემი ნაკლები. მაგალითად, ცოტა გრძელი თითები მაქვს, მარჯვენა ფეხზე უცნაური ნეკა თითი, წარბზე ნაიარევი მაქვს, მარჯვენა მკლავზეც ნაიარევი მაქვს და ფეხზეც, ისე რამდენი ნაიარევი მაქვს. თუმცა, ლუ ამბობს, რომ ვამეტებ და ამდენი ნაიარევიც არ მემჩნევა. კიდევ ბევრი ბევრი წვრილმანი დეფექტია, მაგრამ საერთო ჯამში, არამიშავს. თან ჩემს მეზობლად ერთი პედოფილი ცხოვრობდა და იმას სულ მოვწონდი „მოოძი ბიძია კარლოსთან მოოძი კანფეტები მაქვს“ მეძახდა ის სულ, მერე მოკვდა. ისე, შეიძლება პედოფილი არც იყო, უბრალოდ ბევრი კანფეტი ჰქონდა, მაგრამ ყურადღება მსიამოვნებდა.

ისე, ბოუდი მქვია, არც ისე ჩვეულებრივი სახელია აქაურობისთვის. მამამ დამარქვა.  ძალიან მაგარი ისტორიაა: მამაჩემის საყვარელი ფილმია Point Break, აი კიანუ რივზი რომ თამაშობს და პატრიკ სუეიზი. სერფერები ამერიკის პრეზიდენტების ნიღბებში ბანკებს ძარცვავენ და ახალმა პოლიციელმა კიანუმ უნდა დაიჭიროს ყველა. თუმცა ბევრად უფრო ღრმა ფილმია ვიდრე ეს აღწერა, აუცილებლად უნდა ნახო თუ არ გინახავს. მაგარი ფილმია მართლა. მოკლედ, მანდ ქვია სუეიზის პერსონაჟს ჩემი სახელი, მაგრამ მთლად ბოუდი არ ერქვა, ინგლისურ ენაზე ჟღერს როგორც ბოდჰი. ვინც არ იცის ადრე, ქვის ხანაში, მოპარულ ფილმებს რუსულად თარგმნიდნენ ის ტიპები, რომლებმაც ინგლისური კოკა კოლას ეტიკეტებიდან ისწავლეს. ამიტომ ვიღაც რუსი ტიპი მეტყველების დეფექტით და ქარტოფილის აქცენტით ბოდჰის სახელს თარგმნიდა როგორც ბოუდის, ამიტომ დამარქვეს ბოუდი. მამასთან ერთად ეგ ფილმი კასეტაზე ალბათ ასჯერ მაინც მაქვს ნანახი. მენატრება მაგ ფილმის ყურება.

მამა ცოცხალი რომ იყოს ალბათ ჭკუას დამარიგებდა, მეტყოდა რომ ეს ან ის გზა არის სწორი, რა არის კარგი არჩევანი და რა არა, ან რამეს დამაძალებდა მაინც, დამემუქრებოდა, რომ ტრაქტორისტი გამოვიდოდი (პატივისცემით ტრაქტორისტებისადმი), მაგრამ ასე არ მოხდა და ალბათ მაგიტომ გამოვედი ასეთი დეფექტური პროდუქტი.

ბებო და ბაბუ, ერთადერთი სიყვარული არი რაც ვიცი ალბათ, მაგრამ ისინიც ძალიან ბებრები არიან და ალბათ დაღლილები, რომ რამე ცხოვრებისეული რჩევა მომცენ. როდესაც სახლში ვთქვი, რომ ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი, არ მოყოლია დიდი დრამა, ბებომ ჩაი და ბლინები მომიტანა ძილის წინ, ბაბუმ კიდე ორმოცდაათი დოლარი მაჩუქა და შუბლზე მაკოცა სიტყვებით  – „არაუშავს ბაბუ“.

ხშირად ვფიქრობ, იქნებ აჯობებს წავიდე. სადმე შორის. ჩანთა ჩავალაგო და უბრალოდ გავქრე. სამყარო ვნახო. ლუ ამბობს, რომ ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ეკრანზე. წავალ საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, პროვანსის წითელი ღვინის ბოთლით წამოვწვე და წარმოვიდგინო რა ხდებოდა აქ 1944 წელს, შევიგრძნო ადამიანის სულის სიმტკიცით გაჯერებულ მარილიან ჰაერში არეული სურნელი და ქვიშაში გამხმარი ჯარისკაცების სისხლი. წავიდოდი ამაზონიის ტყეებში, იქ, სადაც არ დაუდგამს ადამიანს ჯერ ფეხი, ცხოველის რამე ახალ ჯიშს აღმოვაჩენდი ან მცენარეებით დაფარულ ცივილიზაციის ნარჩენებს. შვეიცარიაში ჩავიდოდი, კორსიერ სურ ვევეის სასაფლაოზე, ჩარლი ჩაპლინის საფლავთან ჩამოვჯდები და ჩარლის ანეგდოტების მოვუყვები, ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა მაქვს. ან იქნებ პერუ? ღმერთების სასმისით ჰაიავასკას ჯადოსნური ფსიქოდელური სასმელით სამყაროს აღქმის შესაძლებლობები გავაფართოვო. ან სამხრეთ ამერიკაში, ტენესიში, ჩეროკის ტომის უკანასკნელ უხუცესებთან ერთად სულების სამყაროს ვეზიარო. ტიბეტშიც ვიმოგზაურებდი იმ იმედით, რომ ადგილობრივი ბერები ნირვანას მაზიარებდნენ, ან ჯანდაბას თავგადასავლები და ცოტა მაინც დავისვენებ. ლოგინის თავზე პლაკატზე რომ კუნძულია – ბორა ბორა, მანდ წავიდოდი, წამოვწვებოდი მაგ ჰამაკზე, დავიხურავდი ჩალის ქუდს და ცოტა დავიძინებდი, ძალიან მაგარი შეგრძნებით, რომ არსად არ მეჩქარება და შემიძლია იმდენი ვიძინო, სანამ არ მომწყინდება.

ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეგ ყველაფერი ხვალ, დღეს მეზარება.

დღეს მირჩევნია, ჩემს ლოგინზე ზღვის ლომივით ვეგდო. ერთი ღერი სიგარეტი სწორედ ის არის რაც ეხლა მინდა. ბოლი იფანტება და მგონი ცოტა მეძინება.

გარეთ გაწვიმდა. წვიმის სველი სუნიც შემოისუნსლა, მთიშავს წვიმის ხმები, წვეთები რკინის საფარს რო ეცემა, მანქანის პლასტმასს და შუშას, ფოთლებს, გუბეს ფანჯრის ქვეშ, ყველა ხმას ვგრძნობ ერთდროულად. მეძინება, წარმოსახვაში ვარ ამ პროცესის, როგორ ტივტივებს ჩემი წარმოსახვითი სხეული მუქ ფერებში, ლურჯდან ნისლიან შავში როგორ გადავდივარ დინებით და ნელ ნელა ვიძირები სიჩუმეში.

მეძინება.

და ამ დროს ხმამაღალი ციფრული ბგერები „პაპაპააბა პაპაპაააბა პაააბ!“ რომ გესმის, ტელეფონი! დედა რო ვატირე, ვინც არ უნდა იყოს იმედია გიზგიზა ცეცხლში დაიწვება ან საყვარელი ადამიანი სამ ტყვიას ესვრის დებილ სახეში. ძლივს მოვძებნე პლედში ტელეფონი.

-კიბე – მოისმა მეორე მხრიდან შიშინში.

შიშინში, ჰაჰ!

ძლივს გავიზლაზნე აივანზე, უკვე დაღამებულასავით, მესამე სართულზე ვცხოვრობ,  ძველი დაკეცილი კიბე ჯებირიდან გადავაგორე რომელიც თეატრალურად დაბზრიალდა და ხის კაკუნის ხმით გაიშალა.

დამეზარა დალოდება როდის ამოვიდოდა ლუ და ისევ ლოგინზე მივეგდე. ისევ სიჩუმეში დავბრუნდი, რომელიც უკან ძილისკენ მაბრუნებდა. აივნიდან ხმაურიც მალე შეწყდა.

სურნელები, ჩემი სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. დაუკითხავად ოთახში სუნამოს ოდნავ მძაფრი სურნელი ვულგარულად შემოიჭრა,  რაღაცნაირი, სურნელებს დანახვა, რომ შემეძლოს სავარაუდოდ სისხლისფერში არეული ვარდისფერი იქნებოდა, ოდნავი ნეონის ლურჯი წვეთებით.

ეს იყო ლუ, უფრო სწორად, ლუს ხორბლისფერი კანის, წვიმის წვეთების და სუნამოს  მფეთქავი სინთეზი.

მიყვარს, როდესაც სიჩუმეში სხვადასხვა ბგერები გესმის და ძალაუნებურად შენი წარმოსახვა დამწყები უნიჭო მხატვარის შტრიხებით გიხატავს სიბნელეში ამოტივტივებულ მოძრავ სურათებს. მაგალითად, როგორ ეცემა ნაჭრის ზურგჩანთა ხის ძველ იატაკზე, კეტების გაცრეცილი რეზინის ძირის წრიპინი ხის პარკეტზე, როგორ ეშვება მსუბუქი სხეული ჩემს დიდ ლურჯ პუფში, ასანთის კოლოფის ხმა, როგორ მიყვება ფოსფორით გამდიდრებული გელატინის ბურთულა  ქაღალდის გლუვ ზედაპირს, შემდეგ კი ნაპერკლების ტალღა და ცეცხლი, ფერები უფრო და უფრო ღია ხდება, ნახატები კი, უფრო და უფრო ფერადი, როგორ უჭირავს ლუს თეთრი სიგარეტი თხელ თითებში ვარდისფერი მანიკურით, თითების ხახუნი თუთუნის ირგვლივ ქაღალდზე, ჩასუნთქვისას ბოლო წამს სწრაფი დამატებით მეორე ჩასუნთქვა, ამოსუნთქვისას კი, როგორ აყოლებს რძისფერ ბოლს მუქი ვარდისფერი ტუჩებიდან და ის შეგრძნება როგორ მიყურებს მწვანე თვალები სრული წყვდიადიდან.

-არ მკითხავ როგორ ჩაიარა დღემ?

მომესმა ოდნავ განერვიულებული ბგერებით გაჟღენთილი წინადადება. ჰმ,  საინტერესოა, უცხოა მაგრამ საინტერესოა, მისი ხმა როგორც წესი ბევრად მშვიდია.

-როგორ ჩაიარა დღემ?

-ოოოო, – ამოისუნთქა ბოლით ლუმ –  შემომხედე და მიხვდები!

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა წამოვიწიე, ნელ-ნელა გაიფანტა თვალებში ჭიანჭველები, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავდი, სრული სიბნელიდან სქელ ბოლში გახვეული ორი ფეხი მოჩანდა თეთრი გეტრებით და შავ კეტებში.

ეს იყო ლუ, ჩემი ლუ.

სილუეტი წამოიწია და ნარინჯისფერმა შუქმა ნელნელა გაანათა ყავისფერ ტალახში სრულიად ამოსვრილი ლუ, თეთრ მაისურზე წითელი ლაქები და სახეზე შემხმარი სისხლის წვეთები.

ჩემს ადგილზე ბევრი ალბათ აღელვდებოდა,  ყბას ჩამოაგდებდა, თვალის გუგები გაუფართოვდებოდა და ნერვიული ხმით დაიწყებდა საინტერესო დეტალების გამოკითხვას,  „ვაააიმე რა მოხდა“, მაგრამ მე არა. ოდნავ გაკვირვებული, სწორედ ასე შეიძლებოდა ჩემი მდგომარეობის აღწერა, ოდნავ გაკვირვებული ვიყავი, ეს ხომ ლუა,  რამე ფსიქოტროპული ახსნა იქნებოდა სადმე იქვე, მაგრამ ვეღარ მოვითმინე.

-ხო კარგად ხარ? ცოტა გამეცინა. როცა დისკომფორტი მაქვს, ხანდახან მეცინება.

ლუ, ლუ, ლუ… ლუ ჩემიანია. ორი წლით არის ჩემზე უმცროსი, მაგრამ მისთვის სამუდამოდ დავრჩები იმ უფროსკლასელ ბიჭად, რომელმაც წვიმიან დღეს, მზის შუქივით გამოანათა და ბოროტი თანაკლასლი მონსტრები განდევნა მისი სამეფოდან. ასევე ბიჭად, რომელმაც  ცხოვრებაში პირველი სიგარეტი მოაწევინა სკოლასთან ნათელა დეიდას კიბეებზე და სხვა ბევრი არასამაგალითო საქციელი შთააგონა. ლოგიკურია, სამაგალითო და მისაბაძი ბევრი არა მაქვს.  მოხუცი ქალი ქუჩაზე გადავიყვანე მე-9 კლასში, ორჯერ საფულე არ მოვიპარე, როცა შემეძლო და უბნის კატებს რძეს ვუსხამ ხოლმე, მგონი სულ ეგ არის. როგორც ყველას, დიდი იმედი მაქვს, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს, ან ისეთი საშინელი არ არის, როგორც ფილმებში, თორემ სავარაუდოდ, ყველა დემონის მეძავი ვიქნები, ვინც დასაქმებულია.

მერე, ლუ რაღაცნაირად ქუჩის ძაღლივით ამეკიდა, ძაღლს არ ვადარებ, უბრალოდ საქციელი იყო ძაღლური…ჰმმ, არა ეს უარესად ჟღერს, უბრალოდ ძაღლები მიყვარს და ვფიქრობ ადამიანებს ბევრად ჯობიან. მოკლედ, ადრე ხშირად უკან დამყვებოდა ხოლმე, მელოდებოდა გაკვეთილების მერე, შატალოს დროს იქვე ჩნდებოდა ბეტმენივით და ბოლოს მოვეშვი, თუ საქმე არ მქონდა, ქალაქში დავბოდიალობდით, უსაქმურად და უმიზნოდ, ან რამეს ვაფუჭებდით, იმდენი დრო გვქონდა და ისე ცოტა საქმე. მომწონდა ლუ, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველა ჩემს სისულელეს ისმენდა და სულ იცინოდა ჩემს ხუმრობებზე, მაშინაც კი, როდესაც ორივემ ვიცოდით, რომ დიდად სასაცილო არ იყო, თანაც შტერობები ჩემს თავში ძალიან ბევრია.

ისე ალბათ, ყველა იფიქრებდა რომ ვუყვარვარ, შეიძლება კი, შეიძლება არა, იმედია არა. მართლა არ ვიცი.

ვიდზეც კომეტაა, პოლონელი თუ ჩეხი დედის გენეტიკის გამო შვედი ფოტომოდელის ვიდზე გაიზარდა, 14 წლიდან უკვე იზიდავდა ყველა პედოფილს,ეხლა 17 წლის არის და ალბათ გარანტირებულ მომავალს შეიქმნიდა ვინმე კვერცხთან, რომ უნდოდეს, მაგრამ ბნელი ბუნკერის კატაა, ქუჩა და ამბები.

სულ მქონდა ეჭვი, რომ ლუ ფსიქოპატია, ვიკიპედიაში ამოვიკითხე და მგონი ყველა სინდრომი ემთხვეოდა, გარდა ძალადობისა, რომელიც არ შემიმჩნევია, „დაუსაბუთებელი ძალადობა“ ასე ეწერა. არასოდეს  დამავიწყდება, ერთხელ ჩვენს სკოლასთან კაცის გვამი იპოვეს, მგონი ფანჯრიდან გადმოვარდა თუ გადმოხტა. სისხლი და მთელი ამბები, გატეხილი თავიდან ტვინი მოჩანდა, ლუ კიდე უბრალოდ იდგა და უცნაურად უყურებდა, ინტერესით, ათვალიერებდა ყველა დეტალს. არც ზიზღი, არც შიში, წმინდა ინტერესი.

ალბათ ერთადერი მიზეზი რის გამოც ლუ არ დაიკარგა სიბნელეში არის აღვირახსნილი ამბიცია, ნამდვილი სტიქიური მოვლენაა ყველასთვის, ვისაც მისგან რამე უნდა: სიყვარული, სექსი  ან რამე მსგავსი. არ ვიცი, ვიზუალური მონაცემები არ არის მხოლოდ, შარმი ალბათ, ინსტინქტის დონეზე იზიდავს ხალხს, უცნაურია, ლუ ყველას უყვარს.

ერთ-ერთი პირველი ეჭვი, რომელიც ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება მქონდა თუ არა მასთან სექსი? არა, ერთხელ ვაკოცე, ისიც რაღაც არეული ისტორიის გამო. მინდოდა მასთან სექსი? რა თქმა უნდა. რატომ ურთიერთობდა ჩემთან? არ ვიცი. ხანდახან ვინმეს დაელაპრაკები და ლაპარაკობთ ასე წლები, არაფერზე და ყველაფერზე, ულევი უსარგებლო ინფორმაციის გაცვლა.  რაც პირველად გადაიხედა ჩემი აივნიდან, მეორე მოსვლისას დასაკეცი კიბე მოიტანა და ასეთი ფორმით მოდიოდა ჩემთან.

მოკლედ, ექსპოზიცია კი კარგია, მაგრამ დავუბრუნდეთ თემას. ვუყურებდი და ვფიქრობდი, სისხლის ლაქები შეიძლება ფსიქოკოქტეილის უკანასკნელი ნაგლეჯია.

-უსარგებლო ხორცის გროვა!- თქვა მან ცივი აგრესიით და თითქმის უემოციო თვალებით, რომელიც მგონი ფერს იცვლიდა ადრენალინთან ერთად და პირიდან სიგარეტი გამომაცალა. აღარ დავიწყე ასჯერ გამეორება თუ რა და როგორ მოხდა. უბრალოდ ლოგინზე ჩამოვჯექი, ახალ სიგარეტს მოვუკიდე და გადავწყვიტე დავლოდებოდი.

ლუ ზურგით იდგა და მშვიდად ყვებოდა მომხდარს, მაგრამ ჩემი ყურადღება გაიფანტა, როდესაც მან შეიხსნა სისხლით გაჟღენთლი პერანგი და იქვე მიაგდო, შემდეგ მაისური. ისე, ძალიან ლამაზი ზურგი ჰქონდა, გამხდარ ტანზე ოდნავ მსხვილი თეძოები, გრძელ ფეხეზბე მოკლე კაბები სულ ცუდად მოქმედებს ჩემზე. რაც არ უნდა ახლო იყოს მეგობარი, თუ ის სექსუალურია, ის სექსუალურია. და როდესაც სექსუალური გოგო იმ სიგარეტიდან რომელიც წუთის წინ შენ გედო ტუჩებს შორის თავაწეული ბოლს უშვებს – რაღაცნაირად მიმზიდველია. სპანჯ ბობის ყვითელი ტრუსიკი კი კადრს უბრალოდ კონტრასტს აძლევდა, წესით უნდა გამეხედა სხვა მხარეს, დემი მურისკენ მაგალითად, მაგრამ არა.  ჩემი ტანისამოსის გროვაში დაიწყო ქექვა, შემდეგ კი ერთ-ერთი მაისური ლამაზ ზურგზე ჩამოაცურა და სპანჯიც გაქრა. მხოლოდ ამის შემდეგ აღმიდგა სმენა.

მაგრამ მოსმენით მაინც ვისმენდი, მულტიფუნქციური გენიოსი ვარ.  მოკლედ, ვიღაც მდიდარი მამიკოს შვილმა ლუ სადღაც დაპატიჟა, შემდეგ თავისი თეთრი მანქანით სახლისკენ წაიყვანა და იფიქრა, რომ რატომაც არა. ბნელი შესახვევი, ღვედის შეიხსნა და ლუსკენ გაიწია. ლუმ თავაზიანად უარი უთხრა, პროცესში ცხვირიც გაუტეხა. ის გაფსიხდა, რომ მამამისის ახალთახალი მანქანის სალონიდან სისხლს ვერ ამოიყვანდა. შემდეგ ისტორია უფრო არასასიამოვნოა, ლუ მანქანიდან ძალით გადმოიყვანა, მერე ტალახი და..

-დაიცა ხომ არ…?

-არა! აგრესიულად გამომხედა ლუმ. ფეხსაცმელი დასვარა ცოტა უბრალოდ. რომ დაიღალა მანქანაში ჩაჯდომამდე იწმინდავდა სისხლს ყვითელი ნაჭრით.წამში გაეღიმა ლუს „ბლიაწ ბლიაწ ბლიაწ“ ასე იძახდა სულ.

რა უნდა მეთქვა.

-ვა, ცუდია.

ვა ცუდია? საშინელი მეგობარი ვარ.

-მაგრამ ეგ თემა დაიკიდე, სხვა რამეზე მოვედი.

-ხო კარგად ხარ?

გავიმეორე იგივე ტონით. არ შეიძლება ასეთი რამის შემდეგ ადამიანი მშვიდად იყოს. თუნდაც ლუ ყოფილიყო.

-კი, კი, კარგად ვარ. ეგ სხვა დროს. ახლა სხვა რამის გამო მოვედი.

-რაზე?

ლუ და მისი პრიორიტეტები.

-გიდეონი.

გიდეონი?! რა ჯანდაბა უნდოდა ლუს გიდეონთან. ამ ქალაქისთვის კი უცხო ხილია ეგეთი ნაგავი, ახალი და ყველაზე გავლენიანი ნეობარიგა. თან, რომ გეკაიტიპება. მოსაწევს, ექსტაზებს და ჰეროინებს არ ყიდდა, სულ უცნაურ ახალ რაღაცებს ყიდდა, ბრჭყვიალა სახელებით „ღმერთების ფხვნილი“, „უსასრულობის ელექსირი“ ან „გებჟალიას  კოსმიური ექსტაზი“, ბოლო მე დავამატე, ეგეთი რამ არ არის, მაგრამ ისე კაი სახელი იქნებოდა.

განდონი გიდეონი.

საკუთარი კლუბი ჰქონდა თბილისის ზღვასთან – „თეთრი ბეჰემოტი“. თან თეთრი კატა ჰქონდა სიმბოლოდ. ეგ ადგილი მხოლოდ მაგ სახელის გამოც არის დასახური. ალბათ ბულგაკოვი რომ აქვს წაკითხული ხაზი გაუსვა და თეთრი ფერით ინდივიდუალური მისტიურობა შესძინა, თავისი უტვინო თავით. არადა, ხომ შეეძლო დაერქმია ბეჰემოტი და ლევიათანი, მინიშნება გაეკეთებინა ბიბლიურ წყაროებზე, როგორც ორი უკვდავი მხეცის შესახებ, რომლებსაც ღმერთმა გადასცა სამართავად მიწა და წყალი. ფსევდომისტიური განდონი იყო, მართლაც. ან ებრაული აპოკრიფების მინიშნება გაეკეთებინა, თუნდაც ენოქის წიგნში ბეჰემოტის დატვირთვა. თან კლუბში ნეონების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ,  კარგად ასახავდა ლევიათანის იდუმალ თვალებს, რომლიდანაც სულ შუქი გადმოდის.

კი, კარგად ვიცი მითოლოგია და ძველი სამყაროს ღმერთები.

-კაი რა ლუ, ახლა ეგღა მაკლია ბარიგობა დავიწყო, მითუმეტეს გიდეონის ქვეშ.

თავი გააქნია ლუმ.

-არა ბოუდი, ბარიგობა არა! სატარმა! სანდო წყაროდან ვიცი რომ აქვს. ჩვენთან შეხვედრა უნდა ხვალ, ხვდები?

-სატარმა?

-ხოო!

-ფჰჰჰჰ, ყველამ იცის რომ ეგ დრაგი არ არსებობს, სატარმა მითია. ამსტერდამიდან ჩამოსული, ბრეხია ტიპები აშტერებენ აქაურებს.

ან იქნებ არსებობს ვითომ? სატარმა ახალი ნარკოტიკია, თითქმის ლეგენდად დადის ქალაქში. პატარა კოლბებში ასხია იასამნისფერი სითხე.

სატარმა, კლასიკური კაიფისთვის არ არის შექმნილი, ძლიერი ფსიქოტროპია, როგორც ყვებიან ბოშების სარიტუალო სოკოსგან ამზადებენ. სატარმა, სიტყვაც ბოშურია. ამბობენ, რომ საუკუნეები მხოლოდ ბოშებმა იცოდნენ მის შესახებ და ვერ ბედავდნენ მის მიღებას, ამბობენ, რომ პირველივე მიღების შემდეგ გიცვლის ტვინის ბიოქიმიას, ამბობენ, რომ ადამიანი იცვლება, სხვანაირი ხდება. სატარმას ქვეცნობიერი ცნობიერის დონეზე ამოყავს, გიხსნის კოსმოსის და უსასრულობის აღქმის უნარს. ერთი სიტყვით, ტვინს იგივე ემართება რაც მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილ კეჩუპის ბოთლს ლურჯ ასფალტზე.

-არ მჯერა, მკიდია, მე არ წამოვალ იმ გიჟების სოროში.

-წამოხვალ, მარტო არ წავალ. ჩემი საყვარელი პერანგი გამიფუჭა. – წამიერად გადაერთო ლუ მაისურის დიდ სისხლიან ლაქაზე.

ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდებოდა, აქეთ უფრო დამიცავდა, მაგრამ არ უნდოდა მარტო ყოფილიყო ცხოვრების სავარაუდოდ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში.

-კაი, წამოვალ.

ჯანდაბა. მაგრამ ეგ არ იყო მთავარი, ის ტიპი უფრო მიტრიალებდა თავში, მისტერ თეთრები. ვიცოდი, რომ მისი განადგურების გეგმა ლუს უკვე ჰქონდა, უბრალოდ რა ფორმით. არ მასვენებდა ეგ აზრი, როგორ მოვიქცეოდი თუ ლუ ზღვართან ახლოს მივიდოდა.

-არ ვქნათ რამე მაგ ლაქასთან დაკავშირებით?

ლუმ ირგვლივ მიმოიხედა, შემდეგ მე შემომხედა.

-დღეს არა.

ხელი მკრა და ისევ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ისევ ჩემს საყვარელ პლაკატს ვუყურებდი. ლუს თბილი და ცოტათი სველი სხეულის შეხება ვიგრძენი, მარჯვენა ფეხი ფეხებზე გადამადო, ხელი მაისურის ქვეშ ნელა შემიცურა და გულზე თავი დამადო, მისი საყვარელი ჩახუტება. სველი თმების სუნი, ვიცოდი რას იზამდა შემდეგ, კეფაზე ჩემი თმა თითზე დაიხვია და თვალები დახუჭა.

პირველად არ მეხუტებოდა ასე, მაგრამ ყოეველ ჯერზე გული ერთნაირად მიჩქარდება, აი მუსიკასთან როგორც ხდება გულისცემის სინქრონიზაცია, ჩემი გული ლუს მოძრაობას აჰყვა. მგონი, მას ეს მოწონდა, რომ მის სიახლოვეს ჩემი გული გარკვეული ტენდენციური სიჩქარით ცემდა. მე კი მომწონდა მისი ცხელი, რბილი კანი, თუ როგორც ირეოდა ახალი სუნამო მისი ლოყის, შუბლის, კისრის, კანისა და თმის სურნელში, როგორ მესმოდა ამოსუნთქვის ხმა მისი ტუჩებიდან. ეს არ იყო რომანტიკა, არა. ეს იყო უბრალოდ ჩვენი სხეულების რეაქცია ერთმანეთზე, ბიოქიმიური ჯაზი, სამყაროში ყველაზე ფერადი წარმოდგენა მხოლოდ ორისთვის.

თვალები დავუხუჭე. ორივეს სხეულში ყველა კუნთი მოეშვა. მსიამოვნებდა  სურნელების და გრძნობების ჩუმი ანარქია.

– ბოუდი.

– ჰოუ?

– რას გრძნობ ხოლმე, როდესაც არ ვარ?

ჩაფიქრებულმა სიგარეტს მოვუკიდე, ჯერ მის ტუჩებთან მივიტანე, შემდეგ ჩემთან.

– ალბათ არაფერს, შენ?

– არ ვიცი, არაფერს. თვალები დახუჭა ლუმ.

-ლუ.

-ჰოუ?

-ოდესმე გქონია შეგრძნება, რომ ქრები?

– კი. სულ.

ლოყა მკერდზე გამისვა და ჩაეძინა.

– მეც…

ჩავიჩურჩულე ჩემთვის.

მე ვდნები, როგორც ყინულის კუბი ხელის გულზე, ჩემთან ერთად დნება ლუ, ჩვენი სხეულები სიხთედ იქცევა და ერთმანეთში ირევა, ნაკადი სპირალით მივედინებით ზემოთ, სულ მაღლა ცაში, ღრუბლებს მიღმა, გავცდით მთვარეს, მზეს და მზის სისტემას. სადღაც შორს ნელა ჩავედინებით იასამნისფერ რკალში, იქ სადაც თბილა, რვა მთელი ცხრა სინათლის წლის მოშორებით, სირიუსის ვარსკლავიდან ოდნავ მარცხნივ.